“მადლობას ვუხდი გმირ ახალგაზრდებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომაზე სტიქიით მიყენებული ზარალის ორდღიანი შედეგები შეაჯამა.

პრემიერის თქმით, ჯერ-ჯერობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 11 ადამიანი ითვლება, რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 7 ადამიანი რჩება.

„როგორც სერგეენკოსგან ვიცი, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც ჩართულია 350-მდე მაშველი სრული აღჭურვილობით. მერიის დასუფთავების სამსახურის და საქართველოს შეიარაღებული ჯარების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში 250-მდე სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს. ხვალ დილისთვის, გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა იგეგმება, აქტიურად იწმინდება ვერეს ხეობის და ზოოპარკის ტერიტორია. მელიქიშვილის გამზირის დაზიანებული მონაკვეთი უკვე აღდგენილია და რამდენიმე საათში საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვა მოიხსნება. წყნეთის ქუჩაზე ჩატარებულია დასუფთავების სამუშაოები. მდინარის მიმდებარე ტერიტორია, სადაც არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხე, სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული და მას შსს-ს თანამშრომლები იცავენ. წყნეთის ქუჩაზე მდებარე სახლიდან მოხდა მოსახლეობის გაყვანა, თუმცა ბინის დატოვებაზე უარს სამი ოჯახი ამბობს. ეს მათი უსაფრთხოებისთვის გაკეთდა და იმედი მაქვს ამ ოჯახების დარწმუნებას შევძლებთ. სვანიძის ქუჩაზე სამუშაოები გრელდება, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები უკვე გაწმენდილია, 4-5 სახლში, მათი ავარიული მდგომარეობის გამო გაწმენდითი სამუშაოების წარმოება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრიმიერის ინფორმაციით, ბაგებში გეოლოგებმა მუშაობა უკვე დაიწყეს, მათი რეკომენდაციების საფუძველზე, კი მეწყრისგან დამცავი სამუშაოები დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც დასუფთავების სამუსაოებში მონაწილეობა მიიღო.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოხალისეებს, მართლაც გმირ ახალგაზრდებს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად შრომობდნენ. საოცარი სოლიდარობა და თავდადება გამოიჩინეს ახალგაზრდებმა და ეს მართლაც აღსანიშნავია. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რა თქმა უნდა ჩვენს მაშველებს, დასუფთავების სამსახურს, ეროვნულ გვარდიას, პოლიციელებს და ყველას, ვინც ჩართულია ამ ღონისძიებებში. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, რომ გაგებით მოეკიდა და მაქსიმალურად შეზღუდა მანქანით გადაადგილება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით მთავრობას ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია უკავშირდება და ტექნიკით უანგაროდ დახმარებას სთავაზობენ. ასევე სხვადასხვა კომპანიები სურსათით ეხმარება დაზარალებულ მოსახლეობას, რისთვისაც მათ პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქისთვის მიყენებული ზარალის მიზეზებით პროკურატურა დაინტერესდეს
შემდეგი სტატიაყვარელში სტიქიის საშიშროება არ არსებობს