ლევან დოლიძე – ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს ნატო-ში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე წარმოვადგენდი

news
: news იანვარი 26, 2015 16:07

ლევან დოლიძე – ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს ნატო-ში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე წარმოვადგენდი

ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, ლევან დოლიძის განცხადებით, ნატო-ში მუშაობა იმ პერიოდში მოუწია, როდესაც ურთულესი და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე იდგა მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობა. ამის შესახებ ლევან დოლიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს ნატო-ში ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე წარმოვადგენდი. მადლობა უკლებლივ ყველას, ვინც უელსის სამიტამდე ერთი წლით ადრე ნდობა გამომიცხადა და მხარი დაუჭირა ჩემთვის ამ უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიის დაკისრებას.
პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩვენი სამხედროების მიმართ ნატო-ში არსებული განსაკუთრებული პატივისცემა. აქ ხშირად და დიდი მოწიწებით საუბრობენ ქართველი მებრძოლების განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და თავდადებაზე. ჩვენს ჯარისკაცებს დიდი წვლილი შეაქვთ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაში. მინდა ქედი მოვიხარო ყველა ქართველი სამხედროს წინაშე, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იცავს საქართველოს ინტერესებს!
ნატო-ში მუშაობა სწორედ იმ პერიოდში მომიწია, როდესაც ურთულესი და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე იდგა მთელი ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობა.
იყო განსხვავებული მოლოდინები და წინააღმდეგობრივი შეფასებებიც – ვფიქრობ, 2014 წლის სექტემბერში, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე.
მინდა, მადლობა გადავუხადო ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისათვის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ამ პროცესში ჩართულ პარლამენტის ყველა წევრს. მინდა, აღვნიშნო მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების მაია ფანჯიკიძის, დავით ზალკალიანის, ბუკა პეტრიაშილის, ირაკლი ალასანიას და მიხეილ დარჩიაშვილის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი უელსის სამიტის შედეგების მიღწევაში.
ასევე, მადლობას ვუხდი საქართველოს მთელ დიპლომატიურ კორპუსს, მათ, ვინც საფუძველი ჩაუყარა ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და სხვადასხვა ეტაპზე თავისი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში. უელსის სამიტის წარმატებები მრავალწლიანი ძალისხმევით მიღწეულ შედეგებს ეფუძნება.
დიდი მადლობა ნატო-სთან საქართველოს მისიის სრულ შემადგენლობას, ჩემს ყოფილ კოლეგებს (საქართველოს ელჩებს), მათ შორის ჩემს ახლადშეძენილ ჩემთვის ძვირფას მეგობრებს. ამაყი ვარ, რომ თქვეთან ერთად ვმუშაობდი!
მალე უკვე სხვა პოზიციიდან, თუმცა, იგივე ძალისხმევით ჩავერთვები საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი დემოკრატიული განვითარების საქმეში.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემებისა და საფრთხეების სწორად გააზრება და ქვეყნისათვის სასიცოცხლო ინტერესების გარშემო კონსოლიდაცია. დარწმუნებული ვარ, კატეგორიულობისაგან გათავისუფლებით, პრინციპების ერთგულებით, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებითა და ქვეყნის ისტორიის უკლებლივ ყველა ეტაპზე მიღწეულ წარმატებებზე შენებით აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებას!”, -წერს ლევან დოლიძე.
ლევან დოლიძემ ნატო-ში საქართველოს ელჩის პოსტი დღეს ოფიციალურად დატოვა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ დაინიშნება ამ თანამდებობაზე.

news
: news იანვარი 26, 2015 16:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,920
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics