ლარის კურსის პერმანენტულმა ზრდამ სავაჭრო ქსელების უდიდეს ნაწილში სასურსათო პროდუქცია გააძვირა

სურსათისავაჭრო ქსელ „ფუდმარტში“ აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების გამო პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასებმა 5%-10%-ით მოიმატა. გაძვირება სავაჭრო ქსელში არსებული პროდუქციის 30%-ზე აისახა.
სავაჭრო ქსელში აცხადებენ, რომ ფასების „დაჭერას“ მიმწოდებლებთან პირადი მოლაპარაკებების საფუძველზე ახერხებენ, მაგრამ თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდება მომწოდებლები ფასებს ვეღარ შეაჩერებენ.
ფასების მატება აისახა სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობაზე გათვლილ სავაჭრო ქსელ „ნუგეშშიც“. საქონელი სავაჭრო ქსელს მომწოდებლებმა გაუძვირეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქციის გაძვირება მათს ქსელში მაქსიმალურად გვიან აისახა, რადგანაც კომპანიას ძველი მარაგები ჰქონდა. მარაგების ამოწურვის შემდეგ კი საერთო პროდუქტის 60%, რომელიც იმპორტირებულ საქონელს წარმოადგენს, „ნუგეშშიც“ გაძვირდა.

„კურსი შეიცვალა 10%-12%-მდე, თუმცა, ჩვენ მხოლოდ 5%-7%-მდე გვაქვს ფასების მატება. თუ რამე ნაშთი გვქონდა, ეს გამოვიყენეთ მომხმარებლების სასიკეთოდ. ფასების მატება იმპორტირებული საოქნლის გარდა ნაწილობრივ ქართულ პროდუქციასაც შეეხო, მეწარმეები მასალებს უცხოეთიდან იღებენ“,- აცხადებენ „ნუგეშში“.
ჰიპერმარკეტ „კარფურში“ კი აცხადებენ, რომ სავაჭრო ქსელი მაქსიმალურად ცდილობს ლარის გაუფასურება პროდუქტის ფასის ცვლილებაზე არ აისახოს. მათი ინფორმაციით, „კარფურის“ მომწოდებლები ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან არიან, ლარის ვარდნა ევროსთან მიმართებით კი ნაკლებად აისახება ფასებზე. თუმცა, სავაჭრო ქსელში აცხადებენ, რომ არის პროდუქციის უმნიშვნელო ნაწილი, რომელზეც ფასები შეიცვალა.

“მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის დასაწყისიდან იყო მოთხოვნა მომწოდებლების მიერ სხვადასხვა პროდუქტის ფასის გაძვირების, კარფურში ფასები არ გაზრდილა. მოგეხსენებათ, კარფურში ასორტიმენტის მრავალფეროვნებაა, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, გვაქვს საკუთარი, კარფურის მიერ წარმოებული პროდუქცია საფრანგეთიდან და ასევე ჩვენი მრავალი მომწოდებელი სხვადასხვა პროდუქციის იმპორტიორია საქართველოში.
იქიდან გამომდინარე რომ ლარის ვარდნა ევროსთან მიმართებაში უფრო ნაკლებად აისახება ამ პროდუქტებზეც არანაირი ფასთა ცვლილება არ არის. თუმცაღა არის უმნიშვნელო რაოდენობის პროდუქტი რომელზეც ფასი შეიცვალა, მიუხედავად ამ ფაქტისა კარფურის გასაყიდი ფასი კვლავ კონკურენტუნარიანია”,- აცხადებენ „კარფურში“.

commersant.ge

banner
წინა სტატიაში“ქალაქში “ბოევიკების” ტანკები და ქვეითი ძალა შევიდა
შემდეგი სტატიავადამდელი საპარლამეტო არჩევნები “ქართული ოცნებისთვის” დიდი ხაფანგი შეიძლება აღმოჩნდეს