ირაკლი ალადაშვილი – იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა

news
: news იანვარი 26, 2015 11:03

ირაკლი ალადაშვილი – იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა

იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა, – ამის შესახებ სტატიას სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრაში” აქვეყნებს. ალადაშვილის ვარაუდით, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე “ბომბასიურპრიზის” მეთოდით ააფეთქეს.
“20 იანვარსვე, აფეთქებიდან რამდენიმე საათში, პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა აფეთქების ვიდეოკრადრები მომიტანა კომენტარის გასაკეთებლად. ძალიან ძნელია მხოლოდ ვიდეოკადრებით იმის გარკვევა, რა აფეთქდა, თუმცა, ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო დაღუპული იური ვაზაგაშვილის შუბლზე რამდენიმე ერთმანეთის მსგავსმა ჭრილობამ, რომელთა ზომები შეესაბამებოდა საბჭოთა წარმოების Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებისას წარმოქმნილი ნამსხვრევებით მიყენებულ ჭრილობებს. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა. როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო აფეთქება? შვილის საფლავზე შესულმა იური ვაზაგაშვილმა შენიშნა, რომ ერთი ფილა მიწაზე არასწორად იდო, მისი გასწორება სცადა და ხელით წამოსწია, რასაც 3-4 წამის შემდეგ ამ ფილის ქვეშ ჩადებული Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქება მოჰყვა. ხელყუმბარაში ჩახრახნილ ფალიას მოხსნილი ჰქონდა დამცველი რგოლი (კრიმინალისტებმა კარგად რომ მოძებნონ, შეიძლება სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვონ კიდევაც ეს რგოლი), სახელურს გახსნის საშუალებას კი ზემოდან დადებული ფილის სიმძიმე არ აძლევდა. ხელყუმბარის აფეთქების ეს ხერხი ანუ “ბომბასიურპრიზი” ომებში დიდი ხანია გამოიყენება. ბრძოლის ველზე ცხედრების ქვეშ დებენ ასაფეთქებლად შეყენებულ ხელყუმბარებს, რომლებიც ცხედრის აღებისთანავე ფეთქდება”, – აცხადებს ალადაშვილი.
მისივე თქმით, ზემოხსენებულით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ასაფეთქებლად შეყენებული ხელყუმბარის დამდებს ან დამდებთ ჰქონდათ საბრძოლო მოქმედების გამოცდილება, თუმცა, არამართებული იქნება ცალსახად იმის თქმა, რომ აფეთქების მომწყობები მაღალი დონის პროფესიონალებს შორის უნდა ეძებოს გამოძიებამ.
“აფეთქების მომწყობებმა სწორი ფსიქოლოგიური გათვლა გააკეთეს – შვილმკვდარი მამა საფლავის თითოეულ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც კი კარგად იცნობს, ამიტომ უეჭველად მოხვდებოდა თვალში გადაადგილებული ფილა და ის ჩვეულ ადგილზე დაბრუნებას მოინდომებდა”, – აღნიშნავს ალადაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ინიცირება მექანიკურად, მასთან შეხების შედეგად მოხდა.
“მეზობლის დასაფლავებაზე ჩასული იური ვაზაგაშვილი, ბუნებრივია, შვილის საფლავზეც მივიდა. სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. ასეთ დროს ჩნდება ორი კითხვა: რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს და როგორ ამოქმედდა იგი. აფეთქების მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე მყოფი დამოუკიდებელი ექსპერტის (რომელიც დაზარალებულის ოჯახმა დაიქირავა) ტელეინტერვიუდან შევიტყვეთ, რომ აფეთქდა ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო ნაკეთობა, ამასთან, აფეთქების ადგილზე ვერ აღმოაჩინეს რადიოელექტრონული მოწყობილობის მცირე ფრაგმენტებიც კი, რაც გამორიცხავს ასაფეთქებელი მოწყობილობის რადიომართვადი პულტით დისტანციურად ამოქმედებას. ამის მიხედვით შეიძლებლოდა გამოგვეტანა დასკვნა, რომ საფლავზე აფეთქდა არცთუ დიდი სიმძლავრის ქარხნული წარმოების საბრძოლო ნაკეთობა – ხელყუმბარა, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, მცირეკალიბრიანი ჭურვი ან ნაღმსატყორცნის ნაღმი. ასევე უნდა გამოირიცხოს საათის მექანიზმით აფეთქების ვერსიაც, რადგან რა დროს მივიდოდა სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილი, აფეთქების მომწყობმა კი არა, თვითონაც არ იცოდა. რჩება ვერსია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ინიცირება მექანიკურად, მასთან შეხების შედეგად მოხდა”, – აღნიშნა ალადაშვილმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

news
: news იანვარი 26, 2015 11:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,826
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics