ილია მეორე: ღამის ბარები ახალგაზრდების სულს კლავს

news
: news იანვარი 27, 2015 13:50

ილია მეორე:  ღამის ბარები ახალგაზრდების სულს კლავს

კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაული წირვა დასრულდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა.
“დიდება და მადლობა უფალს, რომ საქართველოს მოუვლინა წმინდა ნინო, რომელმაც მოაქცია საქართველო. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ამ ტაძრისათვის. ტაძარი 120 წლისთავს დღესასწაულობს. ამ წმინდა ადგილზე იგი 120 წლის წინ აშენდა. შევთხოვ უფალს, ნათელში ამყოფოს ტაძრის დამაარსებელთა და აღმშენებელთა უკვდავი სულები”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმ ღვაწლზე, რომელიც წმინდა ნინომ გასწია საქართველოში. პატრიარქმა რამდენიმე სიტყვით ახალგაზრდობის შესახებაც ისაუბრა. უწმინდესის განცხადებით, წმინდა ნინოს ღვაწლი სასწაულებრივია. კერძოდ, როგორ შეძლო 13-14 წლის ბავშვმა წამოსულიყო საქართველოში ასეთ სიშორეზე, რადგან საქართველო იმ დროს წარმართული იყო. უწმინდესის თქმით, წმინდა ნინომ იცოდა, რომ საქართველოში ინახებოდა მაცხოვრის შესამოსელი, რომელიც ჯვარცმის დროიდან ჩამოიტანეს.
“წმინდა ნინო ეს არის სასწაულებრივი და უდიდესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში. წმინდა ნინომ უდიდესი სასწაულით მოაქცია საქართველო და აი, დღეს, მე ვფიქრობ იმ ღვალწლზე, რომელიც უნდა იკისროს ჩვენმა ახალგაზრდობამ. წარმოიდგინეთ, როგორი პასუხისმგებლობით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. დავით აღმაშენებელი 16 წლის იყო, როდესაც მას სამეფო გვირგვინი დაადგეს. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. თამარ მეფე მცირეწლოვანი იყო, როდესაც მისი მამის თანამოსაყდრე გახდა. ყოველი ადამიანი კი უნდა ფიქრობდეს არა იმაზე რა ჭამოს და რა ჩაიცვას, ამას მას ღმერთი მისცემს, არამედ რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე, რა გააკეთოს სამშობლოსათვის”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, თანამედროვე ახალგაზრდობა გართობაზე ფიქრობს. არის ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც ფიქრობს ქვეყანაზე, მაგრამ ვერ გაუკვლევია გზა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა ღამის ბარებსა და გართობაზე არ უნდა ფიქრობდეს, რადგან ღამის ბარები მათ სულს კლავს და ახალგაზრდობა ამას უნდა ერიდოს.
“ღმერთმა გაუხსნას გული და გონება ჩვენ ახალგაზრდობას, სიბრძნე მისცეს. ჩვენ ვიცით, ბიბლიიდან რომ “შიში ღვთისა არის საწყისი სიბრძნისა”. ეს “შიში ღვთისა” უნდა ჰქონდეს ჩვენს ახალგაზრდობას, უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი აზროვნება, რა უნდა გააკეთოს. ჩვენი ცხოვრების წლები არც ისე დიდია”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, ადამიანი დღევანდელ დროში 70 და მეტ წელს ცოცხლობს. ცხოვრების ბოლო წლებს ავადმყოფობასას და სალმობაში ატარებს, ამიტომ უნდა მოასწროს კარგი საქმეების კეთება.
“ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ რჯული ქრისტესი. დავეხმაროთ ერთმანეთს და ღმერთი დაგვეხმარება ჩვენ”, – აღნიშნა უწმინდესმა.
ქადაგების ბოლოს პატრიარქმა წმინდა ნინოს მოსახელეებს, ნინოებს დღევანდელი დღე განსაკუთრებით მიულოცა, დალოცა და აღნიშნა, რომ ღმერთმა ინებოს ბევრი სიკეთის გაკეთება შეძლონ და მათ უფალმა ხანგრძლივი სიცოცხლე მისცეს.
ტაძარში “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდა. წირვის დასასრულს უწმინდესი ამბიონიდან გამობრძანდა და ნინო ბურჯანაძე დალოცა. ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძრის მღვდელმსახურნი დააჯილდოვა. კერძოდ, ზოგიერთი მათგანი მიტრის ტარების უფლებით, ზოგიერთი ოქროს ჯვრის ტარები უფლებით და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.
პატრიარქმა ასევე დალოცა იმ ადამიანთა სულები, რომლებიც კუკიის სასაფლაოზე განისვენებენ.

news
: news იანვარი 27, 2015 13:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics