იენს სტოლტენბერგი: 2014 წელი “შავი წელი” იყო ევროპის უსაფრთხოებისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2014 წელი “შავი წელი” იყო ევროპის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ნატო-ს აქვს უნარი რეაგირება მოახდინოს გარემო ვითარებაში შექმნილ ცვლილებებზე.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, ალიანსის სამხრეთ საზღვრებთან ექსტრემისტები ძალადობას აღვივებენ, რუსეთი კი აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს.
იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უელსის სამიტზე შეთანხმებული მზადყოფნის სამოქმედო გეგმა რეალობად იქცა.
“ცივი ომის დასრულების შემდეგ, ეს იქნება ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გამაგრება”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მისივე თქმით, 2014 წელს ალიანსის საჰაერო სივრცეში 400-მდე რუსული სამხედრო თვითმფრინავისთვის იქნა გზა გადაჭრილი, რაც ოთხჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2013 წელს.
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში ასევე საუბარია ალიანსის სამხედრო ოპერაციებში საქართველოს წვლილზე. საქართველო კიდევ ერთხელ არის ნახსენები ოთხ ასპირანტ ქვეყანას შორის, რომელთათვისაც ალიანსის კარი ღია რჩება.
“ჩვენს პარტნიორებს ვეხმარებით, რომ თავიანთ რეგიონებში უკეთ უპასუხონ უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს. ეს ქვეყნებია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და რომელთაც ევროპული გზა აირჩიეს”, – ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშინასამართლევი პირი საბრძოლო მასალის უკანონო ფლობის ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატია“პანორამა თბილისის” მშენებლობას 16 არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების მოედანზე გააპროტესტებს