ია მეტრეველს პროკურატურაში დაკითხავენ

სახალხო დამცველის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე ია მეტრეველს პროკურატურაში დაკითხავენ. ია მეტრეველის თქმით, პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდებიან და ზუსტ დროს ეტყვიან თუ როდის გამოიძახებენ დაკითხვაზე. რაც შეეხება კონკრეტულად საქმეს, როგორც მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის პატიმარი, რომელზეც სახალხო დამცველი გუშინ საუბრობდა, ერთი წლის წინ მასაც დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი. “ერთი წლის წინ დამიკავშირდა ეს ბიჭი და მითხრა, რომ ჩემი მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, რადგან პირადი ინტერესების გამო ბევრი ადამიანი რეკავს ჩემთან. შემდეგ როდესაც ინტენსიურად გააგრძელა რეკვა და მნიშვნელოვანი დეტალების მოყოლა, დავრწმუნდი რომ არ იტყუებოდა”, – განაცხადა მეტრეველმა. მისივე თქმით, ეს პირი ქუჩიდან აიყვანეს მათ, ვინც გუშინ უჩა ნანუაშვილმა დაასახელა. “ყველაზე საინტერესო მათ შორის არის ირაკლი ფირცხალავა. იგი არის ბრალდებული ჩემი შვილის საქმეში, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ოპერაციაც მისი დაგეგმილია და გამოვხატავ გაოცებას, რომ ეს ადამიანი დღეს კიდევ გარეთ არის და გარდაცვლილ ბიჭებს ტელევიზიებით შეურაცხყოფას აყენებს. შემდეგ გადაიყვანეს სამმართველოში და მოუყვნენ როგორ უნდა მომხდარიყო ჩემი მკვლელობა. მაღაზიაში უნდა შემომყოლოდა, მოეწყო ვითომდა ყაჩაღობა, შემდეგ დაედო ჩემთვის შუბლზე იარაღი და მოვეკალი”, – აღნიშნა მეტრეველმა.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო – ჩვენ არ შეგვიძლია, რუსეთის არმიას წინ აღვუდგეთ
შემდეგი სტატიაFreedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება