ვიქტორ დოლიძე: როდესაც პარლამენტი სთხოვს საგამოძიებო ორგანოებს მობრძანებას, პროკურატურა ვალდებულია მოვიდეს

საპარლამენტო უმრავლესობა ვაზაგაშვილების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელთა მოსვლას კვლავ ითხოვს.

„თავისუფალი დემოკრატების” აზრით, გაუგებარია, რატომ არიდებს თავს კითხვებზე პასუხის გაცემას გამოძიება, როდესაც საქმე ამდენად გახმაურებულ დანაშაულს ეხება.

„ეს არის ძალიან გახმაურებული ტრაგიკული თემა და მარტო ერთ ოჯახს არ ეხება, ეს მთლიანად ქვეყანას და შიდა უსაფრთხოების საკითხებს ეხება და მაშინ, როდესაც პარლამენტი სთხოვს საგამოძიებო ორგანოებს მობრძანებას და ახსნას, ვფიქრობ, პროკურატურა ვალდებულია მოვიდეს,” – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ვიქტორ დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა” კი პარლამენტში ფორმალური დიალოგების დასრულების მომხრეა. სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კატეგორიულად მოითხოვა მკაცრი საპარლამენტო კონტროლი ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა ვაზაგაშვილის მკვლელობა.

„სამართალდამცველები მზად არ არიან კითხვებზე პასუხის გასაცემად. ხშირ შემთხვევაში კეთდება პოლიტიკური განცხადებები, რომ ისინი მოვლენ პარლამენტში და იქნება განხილვა, მაგრამ შემდეგ ასე არ ხდება ხოლმე,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიმარინე დარახველიძე: კონკრეტული ღონისძიებები, როგორ უნდა მოხდეს სელექციური აბორტების აკრძალვა ჩვენ არ გაგვაჩნია
შემდეგი სტატიააშშ-ს ექვს შტატში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს