ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს?

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს. როგორც “აპსნიპრესი” იუწყება, ამის შესახებ საუბარი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელ, ჰერბერტ ზალბერისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ, რაულ ხაჯიმბას შეხვედრისას შედგა. გამოცემის ინფორმაციით, ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ ამ ჯერზე გალის რაიონის გარდა, გაგრისა და ბიჭვინთის მონახულების საშუალება მიეცა, გარდა ამისა, იგი გალის რაიონში ევროკავშირის პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა.
“აპსნიპრესი” წერს, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩისლავ ჩირიკბასთან კონსულტაციების შემდეგ, ჰერბერტ ზალბერმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის საქმიანობა გალის გარდა, აფხაზეთის სხვა რაიონებზეც გაფართოვდება. ზალბერი სოხუმში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისის გახსნის შესაძლებლობით დაინტერესდა, რათა “მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ კოლეგებთან ევროკავშირის წარმომადგენლობიდან თბილისში”.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აფხაზეთი არა საქართველოს ჭრილში, არამედ მოლაპარაკებების დამოუკიდებელ მოთამაშედ უნდა განიხილებოდეს.
“ნებისმიერი წარმომადგენლობა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიქმნება, აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უნდა აღიქვამდეს. მე მესმის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დასავლეთთან კონტაქტები. საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა გუშინდელი დღეა”, – განაცხადა ხაჯიმბამ და დასძინა, რომ ძირითადი შიდა პრობლემების მოგვარების შემდეგ, აფხაზეთის მთავარი ამოცანა საერთაშორისო აღიარების მოპოვება იქნება.
ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მთავარი რუსეთის ფედერაციაა, თუმცა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული პროექტები “ზედმეტი არ იქნება”.
“ამ მომენტისთვის ევროკავშირი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ზოგიერთი პრაქტიკული ნაბიჯისთვის, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება”, – დასძინა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა.

banner
წინა სტატიაშიგანთავისუფლებული ჟურნალისტი:  ვგრძნობ სიმსუბუქეს და აღშფოთებას
შემდეგი სტატია20 თებერვლამდე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მზად უნდა იყოს