დავით უსუფაშვილი: დღეს ქართულ სახელმწიფოს შეუძლია იყოს მარად და ყველგან, ყველა ქართველთან

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, ისპაჰანის პროვინციას ეწვია და შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა, ადგილობრივ ქართველებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დელეგაცია დიდი საქართველოდან პატარა საქართველოში დიდ ქართველებთან შესახვედრად ჩავიდა.
“თქვენ აქ ყველა ქართველისთვის სანუკვარი სიტყვებით დაგვხვდით, “მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა”. ეს სიტყვებია ამოქარგული დღეს ამ დარბაზში. ჩვენი სათქმელია – მარად და ყველგან ქართველებო, ჩვენ ვართ თქვენთანა. მე ამას მოგახსენებთ ახლა უკვე ქართული სახელმწიფოს სახელით. დღეს ქართულ სახელმწიფოს შეუძლია იყოს მარად და ყველგან ყველა ქართველთან და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისტორიული წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ რამდენიმე საუკუნე ფერეიდნელი ქართველების პირველი სამშობლო მძიმე დღეში იყო, მაგრამ, საქართველო გადარჩა და თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო მყარად დგას ფეხზე.
დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ირანის ხელისუფლებას, იმისთვის რომ ადგილობრივ ქართველებს საშუალება მისცა შეენარჩუნებინათ ქართული ენა და კულტურა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ სხვა ადგილზე, ბევრმა ქართველმა ვერ შეძლო თავისი იდენტობის და ფესვების შენარჩუნება.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, რეგიონულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მსოფლიოში და რეგიონის სამეზობლოში რთული ვითარებაა და ასეთ დროს ქვეყნის ხელისუფლებებს განსაკუთრებით ბრძნული პოლიტიკის გატარება მოეთხოვება, რაც მეგობრების მოძებნას გულისხმობს და არა მტრებისას.
“დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ირანი მოაგვარებს ყველა იმ საკითხს, რაც საერთაშორისო ასპარეზზე მოსაგვარებელია და გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაჩნდება ყველასთვის, მათ შორის საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობების გაღრმავების. მე ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ძმობა, ნათესაობა, ერთობა, იმაშიც უნდა გამოიხატოს, რომ უკეთ ვიცხოვროთ, თითოეულმა თქვენგანმა უკეთესი ცხოვრება შეძლოს, თქვენმა შვილებმა უკეთესი განათლება მიიღონ, მომავლისკენ გავიხედოთ და წარსულში რაც იყო სიძნელეები ერთად დავძლიოთ”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივი ქართველების საქართველოში ტურისტებად ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, რათა ფერეიდნელ ქართველებს საშუალება მიეცეთ ადგილზე მოინახულონ ის ადგილები და სოფლები, რომელთა დასახელებებიც ირანში დღემდეა შენარჩუნებული.
“მე აქედან მიმაქვს ყველაზე მთავარი გზავნილი, ის გზავნილი რაც პატარა ბიჭუნამ მოგვახსენა აქ და გადასცა თავის თანატოლ ბავშვებს. ჩვენ ახალგაზრდა თაობებს უნდა მივცეთ ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ საქართველოში, მთავრობაც, პარლამენტიც, და ძალიან ბევრ სასიკეთო წამოწყებებს მალე ვიხილავთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, თქვენ რაც საქართველოსთვის გააკეთეთ, დიდი მადლობა იმ სითბოსთვის და სიხარულისთვის, რასაც ჩვენ აქ ვგრძნობთ და რასაც ჩავიტანთ აქედან საქართველოში. დიდი მადლობა იმისთვის რომ ისტორიულ სამშობლოდან შორს თქვენ ნამდვილ ქართულ ხასიათს ინარჩუნებთ. ეს ნამდვილი ქართული ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ თქვენ ერთგულად ემსახურებით იმ სახელმწიფოს, რომელშიც ცხოვრობთ. მთელი გულით და სიყვარულით გწამთ ის რელიგია, რაც გწამთ და აძლევთ ძალიან მნიშვნელოვან მაგალითს ადამიანებს, როგორ უნდა ვიყოთ განსხვავებული, მაგრამ ვიცხოვროთ ერთად ძმურად და მეგობრულად”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 2017 წელს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება
შემდეგი სტატიაუკრაინა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგია