დავით საგანელიძე ემზარ კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება

ემზარ კვიციანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, რომელიც ამბობს, რომ კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის მიმართ ამჟამად ძალაში მყოფი განაჩენი რეალობის არაადეკვატურია.

„კვიციანის მიმართ ძალიან არაობიექტური გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი სასამართლოს. გარკვეული შეცდომები, გარკვეული გადაცდომები ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამ კაცს, რომ სამშობლო უყვარს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური განაჩენი და არაადეკვატურ სიტუაციაშია ეს ადამიანი. ასე რომ, მე მივესალმები, თუ ასეთი შეთანხმება გაფორმდება,” – განაცხადა საგანელიძემ.

ემზარ კვიციანი შესაძლოა ხვალ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ყოფილ რწმუნებულთან საპროცესო შეთანხმება უკვე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ პოლკოვნიკი ემზარ კვიციანი 2006 წლიდან შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იძებნებოდა. იგი რუსეთიდან საქართველოში შარშან თებერვლის თვეში დაბრუნდა. სამართალდამცველებმა კვიციანი აეროპორტშივე დააკავეს. სასამართლომ მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრი – “ბოევიკებმა” დასახლებულ პუნქტებს “გრადის” სისტემიდან გაუხსნეს ცეცხლი
შემდეგი სტატიაპრემიერმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი გახსნა