გიორგი მარგველაშვილი: შეუწყნარებლობის მიმართ ყურადღების მოდუნებისთვის ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოგვიწევს

უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში

საქართველოს პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. მარგველაშვილის თქმით, ყველა ვალდებულია, საფუძვლებშივე წინ აღუდგეს ჩაგვრას, დისკრიმინაციას და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ ფორმას.

პრეზიდენტის მოსაზრებით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა კაცობრიობას აკისრებს პასუხისმგებლობას, უწყვეტი ძალისხმევა მიმართოს მშვიდობისა და ურთიერთგაგებისთვის.

“დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ექვსი მილიონი ებრაელისა და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანის, მათ შორის, მილიონნახევარი ბავშვის ნათელ ხსოვნას, რომელთა ბედი კაცობრიობის უდიდეს ტრაგედიად იქცა. ჰოლოკოსტმა შემაძრწუნებლად გვიჩვენა, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, თუკი საკუთარ ქმედებას საფუძვლად დაუდებს სხვისადმი სიძულვილს, საკუთარი გამორჩეულობისა და უპირატესობის უპირობო რწმენას. ეს გამოცდილება გვაფრთხილებს, რომ შეუწყნარებლობის მიმართ ყურადღების მოდუნებისთვის ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოგვიწევს. ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს გვმართებს უწყვეტი ძალისხმევა, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედიები.

ეს ნიშნავს, რომ მოვალენი ვართ საფუძვლებშივე წინ აღვუდგეთ ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა გვაკისრებს პასუხისმგებლობას, უწყვეტი ძალისხმევა მივმართოთ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გარემოს უზრუნველსაყოფად”,- ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 27 იანვარი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 2005 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგია
შემდეგი სტატიაილია მეორე: ღამის ბარები ახალგაზრდების სულს კლავს