ბიძინა ივანიშვილი – ლარის კურსი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს

ლარის კურსი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით , ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა.
“ლარი არავითარ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას. “რუსთავი 2″ ახდენს აგიტაციას. ეს ფასებზე არ ასახულა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში, ის ასახვას პოვებს საქართველოზეც”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობა უნდა გაერკვეს თუ რომელ ვალუტაში დააბანდოს ფული.
“ეკონომიკა და ბიზნესი რთული მექანიზმია და მას ალღო და ცოდნა უნდა. მარტივი არაა სად დააბანდო შენი კაპიტალი, დოლარში, ლარსა თუ ევროში. ეს არის ბიზნესპროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესში უნდა გაერკვეს. მან უნდა დაიქირავოს ბანკი ან სპეციალისტი, ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს. ბიზნესმენებიც ბევრი ვერ ახერხებს სწორად გამოცნობას თუ სად გადაიტანოს თავისი ქონება, რომელ ვალუტაში”, – აღნიშნა ექს პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად და ძალიან ჯანმრთელად.
“სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, პირდაპირ ეთერში გამომიწვიონ ამ თემაზე. ლარი იქცევა ძალიან ადეკვატურად, იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც არის გარე და შიდა პროცესები. არაფერი ცუდი და კატასტროფულ არ ხდება. თუ ფასებზე აისახება ეს პროცესი, მთავრობას აქვს და ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, რომ ჩაერიონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – საზოგადოების ნდობა ჩემით მაქვს მოპოვებული და არც ალასანიას და არც მარგველაშვილს არ უჩუქებია
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავს?