ბიძინა ივანიშვილი – არეულობის შემთხვევაშიც “ნაციონალებს” ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არა აქვთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხიელ სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყანაში არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვთ. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ამით ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა კითხვას მედიაში გავრცელებულ ვერსიაზე, რომ სააკაშვილი არეულობას გაზაფხულზე გეგმავს საქართველოში. “საქართველოს მოსახლეობა მინდა დავამშვიდო – მათ საამისო რესურსი არ გააჩნიათ. არეულობის მოწყობის მცდელობა და სურვილი რომ აქვთ, ეჭვი არავის ეპარება. მათი პროპაგანდის ორწლიან ანალიზსაც გავაკეთებთ და გაჩვენებთ, რომ იმავე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები როგორ ცდილობენ საზოგადოებისთვის სწორედ ცრუ ინფორმაციის მასირებულად მიწოდებას – თითქოს ეკონომიკა ინგრევა, იზრდება კრიმინალი და ა.შ.
ეტაპებად დაყოფილს გაჩვენებთ, როგორ მუშაობდა აგიტაციის მანქანა, რომლის მიზანი ერთია – როგორმე საქართველოში ეკონომიკა დაინგრეს. ღმერთმა ნუ ქნას არეულობა, ეს ვერც მოხდება, თუმცა, არეულობის შემთხვევაშიც “ნაციონალებს” ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მაინც არა აქვთ. ქართველი ხალხი არ არის ისეთი ბრიყვი, როგორიც მათ ჰგონიათ, სააკაშვილს მეორედ თავზე არ დაისვამენ – ამის თეორიული შანსიც არ არსებობს. არეულობის მოწყობასაც ვერ მოახერხებენ, რადგან აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება გვყავს, “ნაციონალებს” არა აქვთ არეულობის გამოსაწვევი რესურსი. თუმცა, ვიმეორებ, სურვილი აქვთ, საქართველო ცეცხლის ალში იწვოდეს, მაგრამ ვერ მიაღწევენ, საზოგადოება ტყუილად ნუ შფოთავს. ახლა უკრაინაში ნახეს თავშესაფარი, თუმცა, ვისურვოთ, რომ იქ მოვლენები პოზიტიურად განვითარდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია “კვირის პალიტრის” 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – მოლოდინიც მაქვს და სურვილიც, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნას
შემდეგი სტატიაუკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართება