ანაკლიის პორტი 30 000 ადამიანს დაასაქმებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 22, 2015 14:06

ანაკლიის პორტი  30 000 ადამიანს  დაასაქმებს

თემურ ქარჩავასაერთაშორისო კონსორციუმ Anaklia Port and Industrial Eco Park-ში შემავალი კომპანია Anaklia IEP and Port-ის გენერალურმა დირექტორმა თემურ ქარჩავამ სააგენტო «რია ნოვოსტის» კორესპონდენტს დაუდასტურა, რომ კონსორციუმი სრულიად მზადაა, მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობისა და ოპერირების ნებართვის მისაღებად გამოცხადებული ტენდერის მეორე ეტაპზე. ტენდერის მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღების ვადა 16 აპრილს მთავრდება და ამ ეტაპზე მასში მონაწილეობას შვიდი პრეტენდენტი გეგმავს.

პრეტენდენტების წინადადებების განხილვის საფუძველზე სატენდერო კომისია გამოავლენს გამარჯვებულს, რომელიც ანაკლიის პორტის მშენელობისა და მისი ოპერირების ნებართვას მიიღებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საპროექტო ღირებულება 6 მლრდ დოლარს შეადგენს.

თემურ ქარჩავამ განაცხადა, რომ კონსორციუმს, რომლის შემადგენლობაში შედიან ქართული, ჩინური, ინგლისური და ამერიკული მძლავრი კომპანიები, „ასპროცენტიანი მზადყოფნა აქვს“. მიღწეულია შეთანხმება საპორტო ბიზნესის მსოფლიო ლიდერების სამეულში შემავალ კომპანია DP World-თან, რომელიც მომავალში ოპერირებას გაუწევს პორტს. ასევე უკვე შეთანხმებულია პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი. კონსორციუმის წევრმა ჩინურმა კომპანია Power China-მ საქართველოს ხელისუფლების დელეგაციის პეკინში ვიზიტის დროს შეხვედრისას პროექტის დაფინანსების მზადყოფნა დაადასტურა.

„ჩვენი კონსორციუმი მზად არის სრულად დააფინანსოს (პროექტი) და ააშენოს ეს პორტი. ამავე დროს გაუწიოს ოპერირება და 49 წლის შემდეგ კარგად მოწყობილი პორტი თავისი ინფრასტრუქტურით დაუბრუნოს ქართულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა ქარჩავამ. მისი თქმით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ჩინური კომპანია Power China-ს წარმომადგენლებმა პარასკევს თბილისში შეხვედრა გამართეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სატენდერო კომისიის წევრებთან და ამ შეხვედრაზე გაარკვიეს ბევრი ტექნიკური დეტალი პორტის ტერიტორიის, დიზაინის, ინფრასტრუქტურის შესახებ.

როგორც ქარჩავა აცხადებს, კონსორციუმი გარანტიას იძლევა, რომ სახელმწიფოსთან ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 თვეში დაიწყებს პორტის მშენებლობას და პირველი ეტაპის სამუშაოებს სამ წელიწადში დაასრულებს, ანაკლიის პორტში 2019 წელს უკვე შემოვა პირველი გემები. პირველი ეტაპის დასრულებისთანავე კონსორციუმი პროექტის მეორე და მესამე ეტაპების განხორციელებას დაიწყებს, რაც ინდუსტრიული ეკოპარკის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც განთავსდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მთლიანობაში 30 ათასი ადამიანი დასაქმდება.

თემურ ქარჩავამ აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა სრულიად შეესაბამება ე.წ. „ახალი აბრეშუმის გზის“ კონცეფციას, რომელიც ტვირთების ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. ამ პროექტს ჩინეთი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ჩინეთის ხელისუფლებამ კონსორციუმის წევრ კომპანია Power China-ს მიანდო მასში მონაწილეობა. ლაპარაკია 100 მლნ ტონა ტვირთზე დაახლოებით 10-15 წლის განმავლობაში. ამ გზის ამოქმედებით დაახლოებით ორი თვით შემცირდება ტრანსპორტირების დრო შანხაის პორტიდან ევროპამდე. ცოტა ხნის წინ ჩინეთიდან ტვირთის საცდელი პარტია საქართველოს გავლით უკვე ჩავიდა ევროპაში, რასაც მხოლოდ 14 დღე დასჭირდა. მომავალში ამ გზით გადაიზიდება ჩინეთის, ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა მიმდებარე ქვეყნების ტვირთები. მათ შორის, თუ შეთანხმება შედგება, შეიძლება რუსეთის ტვირთების ნაწილიც ამ გზით გაიგზავნოს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 22, 2015 14:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics