ალექსანდრე ვერშბოუ: ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაცია კარგად მიმდინარეობს

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს შეფასებით, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაცია კარგად მიმდინარეობს. ამის შესახებ ვერშბოუმ დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის არის დიდი კონტრიბუტორი საერთაშორისო ოპერაციებში, რაც საქართველოს ხდის უსაფრთხოების ექსპორტიორ ქვეყნად. ჩვენ განვიხილეთ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაცია, რომელიც კარგად მიმდინარეობს. უფრო დეტალურად ამ საკითხს მოგვიანებით თავდაცვის მინისტრთან განვიხილავ. ასევე გვქონდა შესაძლებლობა მიმოგვეხილა ის რეფორმები, რომელიც წლიური ეროვნული პროგრამის ნაწილია და რომელიც მიმდინარეობს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ისეთ გამოწვევებზე რეგიონში, როგორიც არის ე.წ. შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რომელსაც ნატო, რა თქმა უნდა, არ ცნობს”, – განაცხადა ვერშბოუმ.
ამასთან, იგი აღნიშნულ შეთანხმებას დესტაბილიზაციის ფაქტორად მიიჩნევს.
ალექსანდრე ვერშბოუს თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ წლიური ეროვნული პროგრამა საქართველო-ნატოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი და ნატო-საქართველოს კომისია საკმარისი ინსტრუმენტებია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: პარტიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება
შემდეგი სტატიარუსეთის სკოლებში მოსწავლეებს ნარკოტიკებზე შეამოწმებენ